ვეტერინარი, პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ტექნიკური დირექტორი ლაშა ავალიშვილი აცხადებს, რომ ცოფი საქართველოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე მნიშვნელოვად შემცირებულია და ადამიანთან გადადების ფაქტი, მხოლოდ სამია.
"2013 წლიდან დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაცია, პატრონიანი შინაური ცხოველების. დაახლოებით, 250 000 ძაღლი და კატა იცრებოდა წელიწადში. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ამ დაავადების კლება დაიწყო. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ადამიანს, რომ გადაედო ასეთი შემთხვევა გვაქვს 3, აქედან ორი კი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო. ეს სამივე ვიცით, რომ გარდაცვალებას ნიშნავს, ორივე ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული იყო.
სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზუსტად 50/50-ზე მოდის, პატრონიანი და უპატრონო ძაღლები თანაბრად ავადდებიან, ორივე შემთხვევაში საჭიროა აცრა. ცოფისთვის განსხვავება არ აქვს საკვებს და მოვლას. პატრონები გარკვეული მითების გამო, იკავებენ ძაღლების აცრისგან თავს. 3 თვიდან იცრება ყველა ცხოველი. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა,"- განაცხადა ლაშა ავალიშვილმა.