ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება, სექტემბრიდან სწავლა განახლდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
"ეს საკითხი არის საკოორდინაციო საბჭოს მიერ არის გადასაწყვეტი, რომელიც შეაჯერებს სხვადასხვა უწყების რეკომენდაციებს. ჯერ ეს საკითხი არ დასმულა, იმიტომ, რომ ჩვენთან ეპიდსიტუაცია არის მართვადი ყველანაირად და ემორჩილება კონტროლს.
რამდენჯერმე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ ჩვენ ამ დონის ეპიდ სიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ეს ივლისი და აგვისტო, ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადასახედიდან არ იქნება პრობლემა სკოლებში სწავლის დაწყების. თუ რა ფორმით და როგორ, ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს საკოორდინაციო საბჭო,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და ახსენებს წესებს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა, რომ ის ჩვენთან ერთად არის. დღეს 9 შემთხვევა გვქონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდე 5, იმის წინ სამი. ანუ, ერთეული შემთხვევები არის. ღვთის წყალობით და იმით, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, ჯერჯერობით, ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა, იმან ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს.
აქედან გამომდინარე, ის რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და ეს პირველ რიგში ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა და ამიტომ, გთხოვთ ყველას, რომ პირბადე იქნება, იქნება ეს სოციალური დისტანცირება, იქნება ეს პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა ადამიანების და ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.