18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
საშიში ნივთიერება, რომელიც ღვიძლის დაავადებას იწვევს, ხუთ პროდუქტში აღმოჩნდა

საქართველოში შემოწმებული 40 საკვები პროდუქტიდან 5-ში საშიში ნივთიერება აღმოჩნდა. ის ქსელურ მაღაზიებში შეძენილ, როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ საწებელში იყო. ნივთიერება "სუდან 1" მცენარეული საღებავია, რომლის საკვებ პროდუქტში გამოყენება სასტიკად იკრძალება. ის ძლიერი ალერგენია, რომელიც ღვიძლის დაავადებებს იწვევს.

კვლევა momkhmarebeli.ge-მ ​ჩაატარა. ორგანიზაციამ აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია ყველა მწარმოებელს მიაწოდა. კვლევის გასაგრძელებლად, ასევე, მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, თუმცა უწყებაში, აღმოჩენილი დარღვევების შესახებ საუბარი დღეს არ ისურვეს.

ცხარე საწებელი "ჯაკომო", ტომატის კეტჩუპი "კალვე", აჯიკა "აფხაზური", "ხათოს აფხაზური აჯიკა" და აჯიკა "ნენა", ეს ის ჩამონათვალია, რომელშიც სუდან 1 აღმოჩნდა. პროდუქციის რეალიზატორებს მისი ამოღება დაევალათ. მწარმოებლების ნაწილი შეუსაბამობას ნედლეულს, უფრო კონკრეტულად კი - იმპორტირებულ წითელ წიწაკას აბრალებს.

მწარმოებლების ნაწილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ზოგმა განმარტება წერილობით გაავრცელა. კომპანია "ნენას" ტექნოლოგმა კი აღმოჩენილი დარღვევა კატეგორიულად გამორიცხა და ალტერნატიული კვლევის ჩატარება გადაწყვიტა.

momkhmarebeli.ge-ს მიერ შემოწმებულ დანარჩენ 35 დასახელების შემადგენლობაში არასაკვები საღებავი არ აღმოჩნდა. შესამოწმებელ პროდუქტებს შორის იყო "კულასა" და "მარნეულის" საწებელიც, რომელშიც იგივე კვლევის დროს გასულ წელს საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა. ამ კომპანიებმა ხარვეზი გამოასწორეს. ახალი კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევები კი ახლა სახელმწიფო უწყებამ უნდა გადაამოწმოს.

დღის ამბები