საკითხი, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე, სემეკის თავმჯდომარემ მოახდინა ”ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს. სემეკს შეეძლება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს. გარდა ამისა, ერთმანეთში შერწყმისა თუ გასხვისება/ გაყიდვის პროცესში მონაწილე კომპანიებმა სემეკს სადამფუძნებლო დოკუმენტებთან ერთად, ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციაც უნდა წარუდგინოს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის ქვეყანაში ინვესტირების პრევენციას ემსახურება, რადგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხია. რომან კაკულია, რომლის კომიტეტზე კანონში შესატანი ცვლილებები ხვალ განიხილება, კანონპროექტის კონტექსტში სწორედ საზოგადოებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, როგორც კერძო კომპანიების, ასევე საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას სწორედ კერძო კომპანიების საკუთრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცვლილებები კერძო კომპანიებში უცხოური ინვესტიციების მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.
მმართველი პარტიის წევრები ოპონენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში განსახილველად, საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.