18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ონში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ონში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებულების მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ნაწილი მართვით სუნთქვაზეა. 4 პაციენტს შორის ერთ-ერთია მამაკაცი, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილი მეგობართან ერთად გაიტაცა, სწორედ ამას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა.

სავარაუდო დანაშაულში 2 ადგილობრივი ახალგაზრდა ფიგურირებს. მათგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია.

"ონიდან შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, კატასტროფის სამსახურის საშუალებით. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ტრავმები, თერმული დამწვრობა სხვადასხვა უბნის. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მიმდინარეობს მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, გონზეა, ადეკვატურია,“ - აცხადებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა.

რაც შეეხება სხვა დაზარალებულებს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა კარლო ლაფერაძე, რომელიც მეუღლესთან და მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. სამივე მათგანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, თუმცა, ექიმების თქმით, განსაკუთრებით მძიმეა კარლო ლაფერაძის მდგომარეობა. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება თავის ქალაზეც, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება.

„ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, თავის ტვინის ღია ტრავმაა, სუბდურალური ჰემატომა. ქალა სარქვლის და ქალა ფუძის მოტეხილობით, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, თავის ტვინის დაჟეჟილობა... პაციენტი ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,“ - ამბობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი  გიორგი ხუციშვილი.

"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.

დღის ამბები