საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე დავით ცინარიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარის არგუმენტაცია უფრო საფუძვლიანი გამოდგა.
ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება მაინც შეცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე მოითხოვდა დავით ცინარიძის პატიმრობაში დარჩენას, დაცვის მხარის არგუმენტაცია გამოდგა უფრო საფუძვლიანი, უფრო არგუმენტირებული და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბატონი დავითის მიმართ აღვეთის ღონისძიების თაობაზე... ეს რომ არ ყოფილიყო ბატონი დავითი, მოცემულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღიძვრებოდა, დარწმუნებული ვარ ამაში.
მეუღლის პოზიცია გამოჩნდება გამოძიების მსვლელობისას, ამასთან ერთად, მე ბატონ დავითის პირად სივრცეზე საუბარზე შეზღუდული ვარ,“ -ამბობს კახა ხვისტანი.
დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.