18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზას ახალ კითხვები გაუგზავნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მასალის მე-18-ე ტომში არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კონკრეტული ექსპერტიზის მოთხოვნით მიმართა - სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, ხომ არ უკავშირდება შაქარაშვილის დაზიანებები ხიდიდან ვარდნას.

ოჯახის ვერსიით, 19 წლის ფეხბურთელი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს, სადაც დაიხრჩო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავის მიერ გადაცდომის ფაქტს იძიებს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდით არის ლონდა თოლორაიას უწყება დაინტერესებული, უცნობია.

გარდაცვლილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პირველადი ვერსიით ხიდიდან ვარდნის ნიშნები არ იყო, თუმცა მისივე თქმით, გამორიცხული ამ კონკრეტულ საქმეში არაფერია.

"ყველაფერი უნდა გამოირიცხოს და ექსპერტიზის წინაშე ყველა კითხვა უნდა დაისვას. კონკრეტულად ეს ეჭვი არ მაქვს, მაგრამ გამორიცხვით ზოგადად არაფერს გამოვრიცხავ. პირველადი დათვალიერების დროს არ იყო ამის ნიშნები. დამატებითი ექსპერტიზა რადგან დაინიშნა, უნდა გამოიკვეთოს რაღაცეები,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები განვითარებულია თუ არა ხიდიდან ვარდნის შემდეგ. შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზას კითხვარი სწორედ ამასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

. ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

. ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

. სახის და თავის არეში, ასევე ტანზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

გიორგი შაქარა​შვილის საქმეზე ერთ კონკრეტულ ეპიზოდს სწავლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ლონდა თოლორაიას დეტალები დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ საქმე ერთ-ერთი პროცესის მონაწილეს ეხება.

"დაწყებულია გამოძიება. ერთ და ორ კვირაში მსგავსი ტიპის საქმეებზე გამოძიება მალე არ სრულდება. ერთ-ერთი პროცესის მონაწილის განცხადების საფუძველზე გვაქვს დაწყებული გამოძიება,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

 

 

დღის ამბები