18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან გლდანის ციხეში ექსპერტები შევიდნენ

გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან ექსპერტები შევიდნენ. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ აქვს, თუ არა დაზიანებები ზ.ხ.-ს, ის ერთ-ერთია იმ 6 ნაძალადეველს შორის, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახეს.

ასევე საქმის 18-ე ტომში დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსადმი. უწყება ითხოვს დადგინდეს დაზიანებები, რომელიც შაქარაშვილს აქვს მიღებული, ხომ არ უკავშირდება ხიდიდან ვარდნას.

ოჯახის ვერსიით 19 წლის ფეხბურთელი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს, სადაც დაიხრჩო. პარალელურად გამოკითხვები გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სულ ცოტა ხნის წინ უწყებაში დაბადების დღის ერთ-ერთი მონაწილე მივიდა.

ზ.ხ -ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდა და შესაბამისად დაზიანებებიც არ აქვს.

"ექსპერტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ენახათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის დაზიანება. როგორც მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად დაზიანებებიც არ აქვს,"- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ საქმეში არსებულ 18 ტომს დაახლოებით ერთ კვირაში გაეცნობიან და მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას ამის შემდეგ აცნობენენ

"ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავიწყოთ შესწავლა. მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება, შსს-სთან. დღესდღეობით 18 ტომია საქმეში და გვინდა, რომ 1 კვირაში მაინც დავასრულოთ საქმის შესწავლა,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები