სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ ფეთქებად საშიშია. გასული ღამის განმავლობაში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ამ ინფორმაციას ორივე ქვეყანა ადასტურებს.
ოფიციალური ბაქო ამბობს, რომ სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან ისროდნენ თუმცა, არავინ დაშავებულა. ერევანი კი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები.
საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 55 კილომეტრში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი "დღის კურიერის" ეთერში ექსპერტებმა შეაფასეს.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, არსებული ვითარება სპონტანურ პროვოკაციას არ ჰგავს, რადგან აზერბაიჯანული მხარის შეიარაღება სხვა მზაობაზე მეტყველებს, თუმცა ექსპერტის მოსაზრებით ორ ქვეყანას შორის გამწვავებული კონფლიქტის უკან არ არის გამორიცხული დაპირისპირების უკან მესამე ძალა იდგეს.
"მართალია შეიარაღების თვალსაზრისით, აზერბაიჯანული მხარე უკეთ იყო მომზადებული, წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით კი სომხური მხარე საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, თუმცა ეს არ არის მთავარი ამ დაპირისპირებაში, მთავარია ამის მაპროვოცირებელი მესამე ძალა ვინ იყო, ვის სჭირდებოდა ეს ამბავი, გეოპოლიტიკური ახალი თამაშის წესების შემოწმება უნდოდა, თუ აზერბაიჯანის და სომხეთის გამოცდა, როგორ იყვნენ სამხედრო თვალსაზრისით მომზადებულები. ამაზე ჯერჯერობით ანალიზის გაკეთება რთულია,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
"დღის კურიერის" ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორმაც შეაფასა. გიორგი გოგუაძე კონფლიქტის უკან მესამე ძალად რუსეთს განიხილავს, თუმცა ფიქრობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს მეზობელი ქვეყნების დავაში ღიად ვერ ჩაერევა და მხოლოდ პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს.
"გარკვეული ციკლები აქვს ამ რეგიონში დაძაბულობას. ხანდახან მალევე ჩნდება მსგავს, კონფლიქტში მესამე მხარის კონკრეტულად კი რუსეთის ფედერაციის ჩართულობა. პირდაპირ შეიარაღებაში, შეიძლება არ იკვეთებოდეს, თუმცა პოლიტიკურ დონეზე შესაძლებელია,"- განაცხადა გიორგი გოგუაძემ.