18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ძაღლის თავდასხმა ქალზე რომელიც სიკვდილს ებრძვის - ვინ აგებს პასუხს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ფაქტზე

ძაღლი, რომელიც ყველაზე საშიშ ჯიშად ითვლება მთელ მსოფლიოში 3 წუთის განმავლობაში 67 წლის ქალბატონს ვერ მოაშორეს. მეზობლები უშედეგოდ ცდილობდნენ ქალის გათავისუფლებას პიდბულისგან, საბოლოოდ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გახდა საჭირო.

დაზარალებულს დაზიანებები აქვს თავზე, კისერზე, კიდურებზე, მუცლის არეში - ფაქტობრივად მთელი სხეული. ის მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ, 20 წუთიან ვიდეომასალაში წინამძღვრიშვილის ქუჩის 39 ნომერში, გუშინ განვითარებული პროცესები ჩანს. ამ კადრებზე დაყრდნობით ძაღლის მეპატრონეების დასჯას მოითხოვს დაშავებულის ოჯახი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა რა მუხლით, - არ აკონკრეტებენ. დღის ბოლოს დაშავებული მოქალაქის შვილმა პოლიციაში სარჩელიც შეიტანა და ძაღლის პატრონის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გამომძიებლები არა მხოლოდ ძაღლის ადამიანზე თავდასხმის, არამედ ცხოველზე შესაძლო ძალადობის ფაქტსაც იკვლევენ. "კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც გაისროლა, ყოფილი პოლიციელია და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

ვიდრე გამოძიება გარემოებებს არკვევს, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სიკვდილს ებრძვის. 67 წლის ქალს მძიმე ოპერაციები ჩაუტარდა.

დაარღვია თუ არა, დედაქალაქში მოქმედი უსაფრთხოების წესები ძაღლის პატრონმა, - ამას გამოძიება გაარკვევს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხოველის პატრონი ვალდებულია, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე, არადეკორატიული ჯიშის ძაღლი მხოლოდ მოკლე საბმელით, ან გრძელი საბმელით და ალიკაპით გაასეირნოს. ამ წესის დამრღვევი ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება, ხოლო თუ ცხოველმა ზიანი მიაყენა ვინმეს, შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს, ყველა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად შეიმუშავებს. პარლამენტში უკვე განიხილება შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად იმოქმედებს, თუმცა, მთავარი მაინც აღსრულებაა.

წესები ახლაც გაწერილია, მაგრამ პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტისა და რესურსის არარსებობის გამო, მათი აღსრულება ეფექტიანად ვერ ხერხდება. რეაგირებას ძირითადად, მხოლოდ ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე ახდენენ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან სისტემატიური კონტროლი ამ დროისთვის შეუძლებელია.

დღის ამბები