სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აფეთქების ხმა უკვე მეექვსე დღეა ისმის. ამ დროისთვის, კონფლიქტის ზონაში, წინა დღეებთან შედარებით სიმშვიდეა, თუმცა თითქმის ერთ კვირიანი იერიშების შედეგად, ქვეყნის სასაზღვრო რეგიონში, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და შენობები. ორივე მხარეს არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის უკიდურესად მწვავეა. ომის ზღვარზე მყოფი მხარეები ერთმანეთს კვლავ მუქარის ენით ესაუბრებიან.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმასაც არ გამორიცხავს. ოფიციალური ბაქოს განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანაშაულად შეაფასა. ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი კი შეტაკებების ფონზე, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე ჩავიდა. მინსკში ფაშინიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
კიდევ ერთი ბრალდება - ამჯერად და კიდევ ერთხელ, ილხამ ალიევი კონფლიქტის წამოწყებაში, სომხური მხარე დაადანაშაულა და ახლად დანიშნულ თავის საგარეო საქმეთა მინისტრს სომხეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება მოსთხოვა.
გამწვავების დღიდან, აზერბაიჯანი სომხეთის კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოებისა და რეგიონის ქვეყნების ყურადღების ცენტრში მოექცა. ირანმა და რუსეთმა დაპირისპირების დარეგულირებაში შუამავლობის მზაობა უკვე გამოთქვეს. თეირანისა და მოსკოვისგან განსხვავებით, ხისტი რიტორიკას ინარჩუნებს ოფიციალური ანკარა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სომხეთს ოკუპანტი უწოდა, მოძმე აზერბაიჯანს კი დახმარება აღუთქვა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად 12 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სომხეთში კი აცხადებენ, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებას მათი 4 სამხედრო ემსხვერპლა. ორივე მხარე ირწმუნება რომ, მოწინააღმდეგის მსხვერპლი გაცილებით დიდია.