სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ არ არსებობდა პასუხი კითხვაზე, რა ფასად შეიძინეს ყარამანიშვილებმა კომპანიის წილები.
როგორც პაატა სალია აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც მედიაში ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ ყარამანიშვილები კეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ, არ არსებობდა დოკუმენტი, რითიც ჩანს, რა ვითარებაში და რა ფასად შეიძინეს მათ აღნიშნული წილები.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს ამ ვითარებაში, როდესაც აჭრელებული იყო მედია იმაზე საუბრით, რომ ყარამანიშვილები არიან კეთილსინდისიერი შემძენები და მათ ეს წილები იყიდეს და ა.შ. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა ფასად შეიძინეს ეს წილები და რა ვითარებაში, პასუხი არ არსებობდა, არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს. წარმომადგენელმა, რომელმაც განაცხადა, რომ შესწავლილია ყველა დოკუმენტის კომპანიის, ვერ უპასუხა ამ შეკითხვას, რა ფასად შეიძინა ყარამანიშვილმა "რუსთავი 2-ის" წილი.
სასამართლოში, როდესაც სადაოა კეთილსინდისიერების საკითხი, მათი პოზიციის დასადასტურებლად, მათ უნდა წარმოედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ძალიან დიდი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოჰყვა იმას, რაც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში. ვგულისხმობ სამხარაულის დასკვნას, რომლითაც შეფასებული იყო წილები. ეს დასკვნა ჩვენ გვჭირდებოდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ბიზნესმენი, რომელიც არა ერთ ბიზნეს გარიგებაში ყოფილა, არ დათმობს წილებს იმ ფასად, რა ფასიც იყო მითითებული ამ სადაო გარიგებებში, მაშინ როდესაც ამ წილების საბაზრო ფასი იყო 10-20-ჯერ უფრო მაღალი.
ქიბარ ხალვაშმა არაფერი არ აიღო ამ გარიგებებში, მას არ მიუღია არც ერთი თეთრი, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებებში წერია გარკვეული ფასი. ის, რომ ქიბარ ხალვაშმა თანხა მიიღო, უნდა ამტკიცოს მოწინააღმდეგე მხარემ და არა ქიბარ ხალვაშმა. ქიბარ ხალვაშს არ ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს რომ ეს თანხა მიიღო, არ ყოფილა სასამართლოში ამაზე მსჯელობა, არავის სადაო არ გაუხდია ეს გარემოება, რომ ქიბარ ხალვაშმა ამ წილების სანაცვლოდ რაიმე თანხა მიიღო,“ - განაცხადა პაატა სალიამ.