"ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - თანამშრომლთა ნაწილი, რომლებმაც არ მოინდომეს ახალ მენეჯმენტთან მუშაობა და დატოვეს ტელეკომპანია - მათ ნაწილს ეკუთვნოდა ანაზღაურება, როდის მიიღებენ ისინი კუთვნილ თანხას? რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიმაატა სალიამ უპასუხა, რომ პირობას აუცილებლად შეასრულებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელფასი ეკუთვნის აუცილებლად გადაუხდის.
პაატა სალიას თქმით, კომპანია წინა მენეჯმენტმა საკმაოდ რთულ ვითარებაში დატოვა ფინანსურად და სწორედ ამიტომ უჭირს დროულად დაფაროს ის ვალდებულებები,რაც ყოფილ თანამშრომლებთან აქვს.
"ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის, რაც იმ დღეებში მოხდა. ნამდვილად არ მქონდა, იმის მოლოდინი, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებას. მთელი დღის განმავლობაში მქონდა მოლაპარაკებები, გვქონდა საუბარი გარკვეულ გარანტიებზე, მქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი არჩეული ადამიანი დაინიშნებოდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად.
მე მქონდა მთელი დღის მანძილზე მათთან მოლაპარაკებები და იმედი, მქონდა რომ შევაჩერებდი ამ ტალღას. იმ პერიოდში მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა, პატივს ვცემდი მათ არჩევანს და ფინანსურ სანქციებს მათ წინააღმდეგ არ გამოვიყენებდი.
ჩვენ ეს ფინანსური სანქციები არ გამოგვიყენებია, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის შრომა აუცილებლად ანაზღაურდებოდა, რაც მათ გასწიეს ტელეკომპანიისთვის. მიუხედავად, იმისა რომ მათმა დემარშმა კომპანიას დიდი დარტყმა მიაყენა და ფაქტობრივად, ჩვენი რეიტინგი იმ პერიოდში მესამედი გახდა იმისა, რაც იყო და შევწყვიტეთ საინფორმაციო მაუწყებლობა.
25 წლის მანძილზე მსგავსი რამე პირველად მოხდა. მე დავპირდი იმ ადამიანებს, რომ კუთვნილ ხელფასებს მიიღებდნენ, თუმცა იმ მემკვიდრეობის გათვალისწინებით რაც დაგვრჩა, ფინანსურად არ ვართ კარგ მდგომარეობაში. ყოველდღიურად გვიწევს შეუძლებელი შევძლოთ, რომ ყველა ის ვალდებულება გავისტუმროთ, რაც წინა მენეჯმენტმა დაგვიტოვა, ჩვენ რომ ეს არ გადავიხადოთ, შესაძლოა, ხვალ ეთერში ვეღარ გავიდეს "რუსთავი 2-ი". აქედან გამომდინარე, გვაქვს ბევრი დავალიანება რასაც ვისტუმრებთ. ამ ადამიანების დავალიანებასაც დავფარავთ და იმედი მაქვს, ამ პირობის შესრულებას ძალიან მალე შევძლებთ. ვიმეორებ, არ მინდა წინასწარი დაპირება გავცე, როდის მოხდება ეს, თუმცა იმ პირობას, რომ მათ შრომა აუნაზღაურდებათ, აუცილებლად შევასრულებ,"- განაცხადა პაატა სალიამ.