კვლავ მძიმეა 67 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც 2 დღის წინ ძაღლმა დაკბინა. დაზარალებული მართვით სუნთქვაზეა. მას დაზიანებები აქვს თავზე, კისერზე, კიდურებზე, მუცლის არეში - ფაქტობრივად მთელ სხეულზე.
პიტბული, - ძაღლი, რომელიც ყველაზე საშიშ ჯიშად ითვლება, 3 წუთის განმავლობაში ქალს თავს ესხმოდა, ცხოველი მხოლოდ მას შემდეგ დაიმორჩილეს, რაც მისი მიმართულებით ახალგაზრდა მამაკაცმა გაისროლა.
დაზარალებულის ოჯახი ძაღლის მეპატრონის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, მათ პოლიციას უკვე მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიმდინარეობს ძიება.
"კურიერმა" გაარკვია, რომ გამომძიებლები არა მხოლოდ ძაღლის ადამიანზე თავდასხმის, არამედ ცხოველზე შესაძლო ძალადობის ფაქტსაც იკვლევენ. "კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც გაისროლა, ყოფილი პოლიციელია და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.
ვიდრე გამოძიება გარემოებებს არკვევს, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სიკვდილს ებრძვის. 67 წლის ქალს რთული ოპერაციები ჩაუტარდა.
დაარღვია თუ არა, დედაქალაქში მოქმედი უსაფრთხოების წესები ძაღლის პატრონმა - ამას გამოძიება გაარკვევს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კი განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხოველის პატრონი ვალდებულია, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე, არადეკორატიული ჯიშის ძაღლი მხოლოდ მოკლე საბმელით, ან გრძელი საბმელით და ალიკაპით გაასეირნოს. ამ წესის დამრღვევი ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება, ხოლო, თუ ცხოველმა ზიანი მიაყენა ვინმეს, შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს, ყველა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად შეიმუშავებს. პარლამენტში უკვე განიხილება შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად იმოქმედებს, თუმცა, მთავარი მაინც აღსრულებაა.