18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს საპატრიარქოც შეისწავლის

ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს საპატრიარქოც შეისწავლის. ხუროთმოძღვრების საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, რეაბილიტაციის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ და და არც ის იცოდნენ, რომ ტაძარი ავარიული იყო.

"რადგან არცერთი საბჭო არ იყო საქმის კურსში, ვითარებაში გარკვეული, შეიძლება შეფასება მივცეთ, რომ თვითნებური გადაწყვეტილებით დაუშვა შეცდომა, რადგან ყველა სასულიერო პირი ვერ იქნება კონკრეტული დარგის სპეციალისტი და შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია. 

ერთობლივი კომისია უნდა მივიდეს ადგილზე და ნახოს ხარისხი დაშვებული შეცდომებისა. შედგება გამოსავლის გეგმა და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ტაძრის წინამძღვართან ერთად შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა," - განაცხადა აბბა ალავერდელმა, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს ხელმძღვანელმა მეუფე დავითმა.

ვისი გადაწყვეტილებით და როგორ ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები, რომელმაც მე-18-ე საუკუნის ძეგლი ფაქტობრივად გაანადგურა, დააზიანა საფლავები და უნიკალური წარწერები - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საქმე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.

"სააგენტოს მიერ გამოიწერება სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაიწყოს ამ საქმის სამართლებრივი მოკვლევა. შესაბამისად, ჩვენი წერილობითი გაფრთხილების საფუძველზე ამ ეკლესიის წინამძღვარს განესაზღვრა ვალდებულება, რომ გარკვეულ ვადაში უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა სააგენტოში და შესაბამისად სრულყოფილი პროექტის საფუძველზე გაიცემა ნებართვა საიმისოდ, რომ ძეგლს მისი პირვანდელი იერსახე დაუბრუნდეს,"- აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

დღის ამბები