ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული პირების ადვოკატები 5 მოწმის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ. უფლებადამცველები შესაბამის შუამდგომლობებს ხვალ წარადგენენ. არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პირები ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს აცხადებენ.
"შუამდგომლობებს ხვალ წარვადგენთ, რითაც ვითხოვთ 5 პირის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ვინაიდან ეს პირები უარს აცხადებენ ნებაყოფლობით გამოკითხვაზე. არსებობს ღია კითხვები, არსებობს ახალი გარემოებები, რომელიც გამოძიების მხრიდან არ არის დასმული და ჩვენც, დაცვის მხარეს გაგვაჩნია ეს უფლებამოსილება 113-ე 114-ე მუხლიდან გამომდინარე და ამ უფლებამოსილებას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ," - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
გარდა ამისა, ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც ადვოკატებთან გასაუბრების ოქმის შედგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება გამოძიების გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
ადვოკატების თქმით, გადავადების საკითხი მათთვის მიუღებელია და ვარაუდობენ, რომ გამოძიებაში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.
"ალბათ მათი შეხედულებითაც არ არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და მათ უნდათ დამატებითი ვადა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვემხრობით ასეთ გადავადებას, ვინაიდან ის ბრალდებები, რა ბრალდებებიც წარდგენილი აქვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ისედაც გინდ 30 დღით გადავადდეს ან რა ვადითაც არ უნდა გადავადდეს, ვერანაირად ვერ მოხერხდება მოპოვება იმ მტკიცებულებების, რა დანაშაულიც ფიზიკურად არ არსებობდა. აქ საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.