წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ჩატარებული უნებართვო სარესტავრაციო სამუშაოები შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზი გახდეს. საქმე ტაძრის წინამძღოლის მიერ ეკლესიის გარე ფასადის და იატაკის შეცვლას ეხება. კერძოდ, სასულიერო პირის გადაწყვეტილებით, ახლად დაგებული კერამოგრანიტის ფილებით ტაძარში განთავსებული 4 სამარხი დაიფარა. მე-18 საუკუნის ტაძარში თავადების - სუმბათაშვილების საძვალეა ხელყოფილი.
იატაკის ფენილის დაზიანების გარდა, ხარვეზები ფიქსირდება ტაძრის გარე ფასადზეც. ძეგლის სიძველის მიუხედავად, ტაძრის მომსახურე პერსონალი ჩატარებულ სამუშაოებს კონკრეტული მიზეზით ხსნიან და ამბობენ, რომ ამ დრომდე ტაძრის ბედით საპატრიარქო და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო არ დაინტერესებულან.
მე-18 საუკუნის ტაძარი, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. სააგენტოს სპეციალისტებმა დარღვევების ხარისხი დღეს შეისწავლეს. პირველადი შეფასებით, არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების დიდი ალბათობა, რადგან სამუშაოები თვითნებურად და სარეაბილიტაციო ნორმების უხეში დარღვევით არის შესრულებული. წერილობითი გაფრთხილება მიიღო ტაძრის წინამძღოლმაც, რომელმაც ახალი რეაბილიტაციის პროექტი 3 თვეში უნდა წარადგინოს.
ძეგლის პირვანდელი იერსახის დაბრუნებისთვის საპატრიარქოს სპეციალისტებიც იზრუნებენ. საპატრიარქოში არათუ განხორციელებული სამუშაოების, არამედ ტაძრის დაზიანებების შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობდნენ.
ტაძრის რეაბილიტაციის ახალი პროექტი რამდენიმე თვეში შემუშავდება. სპეციალისტების განცხადებით, ეკლესიაში დაზიანებული ფენილის აღდგენა ვეღარ მოხდება, თუმცა საფლავის ქვები ავთენტურ ადგილს დაუბრუნდება. საააგენტოს მიერ, ასევე ძეგლის თვითნებურ დაზიანებასთან დაკავშირებით, სამართალდარღვევის ოქმი სამართლებრივი რეაგირებისთვის შსს-ს გადაეგზავნება.