"ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ბრეგაძე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
დაბარება, სავარაუდოდ, მარნეულში რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციას უკავშირდება, სადაც ისევ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდნენ.
შეკრების ორგანიზატორი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი იყო, მარნეულის ცენტრში შეკრებას შეუერთდნენ "ქართული მარშის" წევრებიც. რამდენიმე თვეა სუსი მარნეულში ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტს იძიებს.
"კონკრეტული მიზეზი გამომძიებელს არ აუხსნია, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს მარნეულში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მივდივარ, რომ მოვუყვე ყველაფერი, რადგან არაფერი დასამალი არ გვაქვს. ასევე მივაწოდებთ დოკუმენტაციას, ხაზარაძის და ბოკერიას შესახებ თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართულ მოსახლეობაში,"- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.