18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
2021 წლის ბოლომდე გვექნება 2 მილიარდი ვაქცინა, რაც პიკის შემცირების საშუალებას მოგვცემს - გიორგი ფხაკაძე

საერთაშორისო ორგანიზაცია "გავის ალიანსის" ტექნიკური ბორდის წევრი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით, 150 ლაბორატორია მუშაობს ვაქცინების შემუშავებისთვის. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ თავად ვაქცინის შექმნა მარტივი საკითხი არ არის და მას, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტია და რაიმე უარყოფითი გავლენა არ უნდა გამოიწვიოს. 

"გავის" ტექნიკური ბორდის წევრი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მოქალაქეებმა ამ საკითხს უფრო პრაგმატულად უნდა შეხედონ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ. 

"9 ვაქცინა იყო, 7 გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ერთ-ერთი არის "ასტრაზენეკას" ვაქცინა. ანუ, კარგი ამბავი არის ის, რომ დაახლოებით 150 ლაბორატორია მუშაობს ახლაც სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე ახლოს მოსული არის ეს 7 ვაქცინა.

ზოგადად, ვაქცინის შექმნას სჭირდება 18 თვე. ვაქცინა ეს არ არის ძალიან მარტივი საკითხი. ვაქცინის ძირითადი პრინციპი არის უსაფრთხოება. ვაქცინა, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში დამტკიცებული, უნდა იყოს უსაფრთხო. ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგი. შესაბამისად, იმიტომ სჭირდება დრო. ადამიანების ჩართულობა როცაა საჭირო, ამას სჭირდება დრო და დამუშავება. 

შესაბამისად, ჩვენც უნდა ვიყოთ ძალიან პრაგმატულები. რომ შეხედოთ "გავის" დოკუმენტაციას, იქ საუბარი არის, რომ ყველაზე იდეალურ სიტუაციაში, ჩვენ წლის ბოლომდე შესაძლებელია გვქონდეს დაახლოებით ორი მილიონი ვაქცინა დამტკიცებული და მერე უკვე მომზადებული. 

შესაძლებელია, 2021 წლის ბოლომდე ჩვენ გვქონდეს დაახლოებით 2 მილიარდი ვაქცინა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პიკი შევამციროთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაახლოებით ორი წელიწადი ვიქნებით ამ ვირუსთან ერთად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება,რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შევიარაღდეთ, მოვემზადოთ და ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ფრთხილად და დავიწყოთ ცხოვრება ჩვეულებრივად,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

დღის ამბები