კომპანია "ზეგ"-ის დირექტორი თამარ კობერიძე აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.
მიზეზად კი, მისივე ინფორმაციით, დაღუპულმა ალტერნატიული სამსახური დაასახელა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან კომპანიის რაიმე კავშირს გამორიცხავს. ოფისში, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მუშაობდა, სამართალდამცველები მუშაობენ.
"ეს ინფორმაცია საიდან მოდის არ ვიცი. დედამისს ყოველდღე ველაპარაკებოდი, გუშინ საღამოსაც ვესაუბრე. ძალიან შეწუხებულები ვართ და მართლა ვერ ვხვდებით რა მოხდა, როგორც თქვენ არ იცით, ისე მე არ ვიცი. ვიცოდი, რომ სამსახურიდან შეიძლება წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობს, თან სწავლობს. მეორე სამსახური რომ ჰქონდა ვიცი, სად იყო - ეს არ ვიცი, რადგან ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავით.
ჩვენ დავუყენეთ საკითხი - აპირებთ იქ დარჩენას თუ ჩვენთან დარჩენას, ამაზეც გვქონდა გავლილი, გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ, არ წასულა ამ სამსახურიდან. ჩვენი კომპიუტერი იყო, ჩვენ მივეცით, მაგრამ ინდივიდუალურად ვინ როგორ იყენებს კომპიუტერს, ვერ გავაკონტროლებთ ვერავის. ერთადერთი, ბებია როცა გარდაიცვალა, მას შემდეგ იყო მოწყენილი, რასაც ძალიან ბუნებრივად მივიჩნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ბებიასთან იყო ძალიან ახლოს,"- აცხადებს თამარ კობერიძე.