ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს მცხეთის კოვიდ ცენტრში მოთავსებულ მძიმე პაციენტზე ისაუბრა.
როგორც მცხეთის კლინიკაში ვიზიტის შემდეგ თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, 83 წლის ქალი, რომელიც სწორედ აღნიშნულ კლინიკაშია მოთავსებული, ქვეყანაში ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლება.
"ჩვენ მცხეთა იმიტომ ავირჩიეთ და აქ იმიტომ ვართ, რომ ბოლო პერიოდში მცხეთაში გადმოინაცვლა ეპიდსიტუაციის სიხშირემ.
მცხეთაში მკურნალობის და მოვლის ხარისხი საკმაოდ მაღალი და გამართულია, რაც კოლექტივის დიდი დამსახურებაა.
ახლა აქ სამი მძიმე პაციენტი გვყავს და იმედია სამივეს გადაარჩენენ. ერთ-ერთ 83 წლის ქალბატონს სამჯერ გაუჩერდა გული და სამჯერვე გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მოაბრუნეს საიქიოდან. აქვს გულის მძიმე უკმარისობა და მძიმე პნევმონია. ამ პაციენტის ყველაზე კრიტიკულმა დღეებმა გაიარა და იმედი გვაქვს, რომ გადარჩება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენთვის,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.