რეჟისორების ნაწილი ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. აქცია ჯერ ეროვნულ კინოცენტრთან, შემდეგ კი კულტურის სამინისტროსთან გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გაგა ჩხეიძეს კინოცენტრში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
როგორ რეჟისორი გია კაჭარავა ამბობს, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ფილმების გადაღებას ხელს უშლის.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დანაშაულზე, რომელიც კინოცენტრის დირექტორმა ჩაიდინა, პასუხი აგოს. ასევე ვითხოვთ, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო ის უნდა გადადგეს. გაგა ჩხეიძემ თავისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და პირდაპირ მიუთითა ჟიურის წევრებს, თუ რა უნდა დაფინანსებულიყო და რა არა,"- აცხადებს რეჟისორი გია კაჭარავა.
ინფორმაციას აბსურდს უწოდებს ბრალდებების ადრესატი. გაგა ჩხეიძის განმარტებით, ჟიური დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით და თავად კომისიის მუშაობაში არ ერევა. მისივე თქმით, კინოცენტრში კონკურენცია დიდია და ცენტრს მწირი დაფინანსება აქვს.
"კომისია დამოუკიდებლად მუშაობს და დირექტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ან ზეწოლა მოახდინოს კომისიის წევრებზე. კონკურენცია ძალიან დიდია, კაჭარავა კიდევ რამდენიმე კონკურსში მონაწილეობდა და ყველგან გამსვლელი ქულის 50% აგროვებდა, ამიტომაც ვერ დაფინანსდა. კინოცენტრი მთლიანად კანონის საფუძველზე მოქმედებს,"- განაცხადა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ.