მარი კორკოტაძე შპს "ნიუტონის რობოტიკის სკოლას" დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს. საქმე მის 12 წლის აუტისტური სპექტრის მქონე დათა ფარცხალაძეს ეხება.
მშობელი გვიყვება, რომ არასრულწლოვანს "ნიუტონის რობოტიკის სკოლის" საზაფხულო ბანაკში წასვლა სურდა, თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში სკოლამ პირობა დაარღვია. დედის მტკიცებით, მიზეზი მისი შვილის შეზღუდული შესაძლებლობები გახდა.
არასრულწლოვანის დედამ იურიდიული დახმარებისთვის ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში საკითხის შესწავლის შემდეგ საქმეში დისკრიმინაციის ნიშნები დაინახეს. მესამე სექტორმა საჩივარი მოამზადა და განხილვისთვის სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა ნიშნით სეგრეგაციას დაუშვებლად მიიჩნევს.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა შპს "ნიუტონის რობოტიკის სკოლის" მხრიდან დათა ფარცხალაძის მიმართ ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ომბუდსმენმა სკოლას რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის შენიშვნებს არ იზიარებენ "ნიუტონის რობოტიკის სკოლაში". სკოლის დამფუძნებელისთვის მიუღებელია თავად მშობლის პრეტენზიებიც და დისკრიმინაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის განმარტებით, ანალოგიურ მდგომარეობაში მათ ბანაკში სხვა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი წაიყვანეს, შესაბამისად, კერძოდ, მათი რა ქმედება შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, პასუხს სახალხო დამცველისგან ელოდებიან.
საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს "ნიუტონის რობოტიკის სკოლის" დამფუძნებელი, ისევე როგორც შშმ პირის დედა, რომელმაც, არ არის გამორიცხული სასამართლოსაც მიმართოს.