18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
უკავშირდება თუ არა 23 წლის პროგრამისტი გოგოს გარდაცვალება მის საქმიანობას - ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც სახლიდან შაბათს დილით გავიდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში ადგილობრივმა მწყემსმა გარდაცვლილი იპოვა. თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოლთეთთან ტყეში იდგა, იმ ადგილთან ძალიან ახლოს, სადაც ბოლოს "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შემდეგ კი გოგონას კვალი გაქრა.

თამარ ბაჩალეიშვილის ცხედრის პოვნიდან მალევე მშობლებმა ადვოკატი აიყვანეს. საქმეში მიხეილ რამიშვილი ჩაერთო. დაქირავებულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელიც გარდაცვლილის გამოკვლევაში მიიღებს მონაწილეობას. ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილში გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იპოვნეს. მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია საფულე წერილებით და ერთ-ერთის შინაარსის მიხედვით, გოგონა უცნობ ადრესატს ეუბნება, რომ შეუძლია მისი ანაბარი გამოიყენოს. ასევე, ნაპოვნია მედიკამენტები და დღიური.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს. ავტომობილში ნაპოვნ მედიკამენტებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ გოგონას ბოლო პერიოდში წნევა აწუხებდა და წამლის ყიდვაც ხშირად სჭირდებოდა. ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღესაც 23 წლის გოგო მედიკამენტების ყიდვის დროს რამდენიმე აფთიაქის კამერამ დააფიქსირა.

რატომ სახლიდან უგზოუკლოდ გაუჩინარება, რატომ ტელეფონის გათიშვა და რატომ მაინცდამაინც თეთრიწყარო - ახლა ოჯახს ბევრი კითხვა აქვს და ფიქრობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ვიღაცამ სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. ერთადერთი, რაზეც ოჯახი მტკიცედ საუბრობს, სამსახურში გოგონას პრობლემებია. გარდაცვლილის მამის განცხადებით, მშობლებმა ბევრჯერ სცადეს შვილის სამსახურის და საქმიანობის დეტალები გაერკვიათ, თუმცა თავად ის მათ ამის უფლებას არ აძლევდა. მამა იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ბაჩალიაშვილის კუთვნილი სოციალური ქსელის შემოწმების შემდეგ ოჯახს შეატყობინეს, რომ 23 წლის გოგოს პრობლემები ჰქონდა.

ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ-შიპროგრამისტად 3 წელი მუშაობდა. დაწესებულება პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს და დაკვეთებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან იღებს. ბაჩალიაშვილი გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ამის შესახებ თავად კომპანიის დირექტორთან შუამავლობა თანამშრომელს სთხოვა.

მიმოწერა, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, 16 ივლისით თარიღდება. ბაჩალიაშვილისა და ნიკოლოზ გეჯაძის საუბარი სამსახურის დატოვების თაობაზე ხუთშაბათს ღამით, 4-ის ნახევარზე შედგა.

შ.პ.ს. "ზეგ-ში" დღეს სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შენობა დაათვალიერეს და კომპანიიდან ტექნიკა ამოიღეს. გამოიკითხა იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელიც. ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევიან იქ დასაქმებული პირები. "კურიერთან" ისაუბრა კომპანიის დირექტორმა თამარ კობერიძემაც, რომელიც ოჯახის ვერსიას გამორიცხავს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილიც. თავის მხრივ, დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში უკვე ჩაერთო. კითხვებს, რომელიც ოჯახს ვერსიებად აქვს, პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები