"სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა. ქეთი მელაძე მიიჩნევს, რომ სიტუაციას ვერც საზღვრების გახსნა უშველის, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო ტურისტი მაინც ვერ მოახერხებდა ჩამოსვლას.
"ფაქტობრივად, ტურისტული სეზონი არ არსებობს, ვინაიდან 15-20%-ია ამუშავებული შიდა ტურიზმის ხარჯზე და დანარჩენი რესტორნები და სასტუმროები გაჩერებულია. წლევანდელი წელი ძალიან დიდ ზარალზეა გასული, ალბათ, 70-75%-ია ზარალი.
რაც შეეხება ფრენების შეჩერებას, ეს რეჟიმი მარტო ჩვენს ქვეყანაზე არ ვრცელდება, ჩვენ შეიძლება გავხსნათ, მაგრამ სხვა ქვეყნებიც იმავე რეჟიმში არიან. ვფიქრობ, თუნდაც ფრენები გახსნილიყო, იყო გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც ტურისტი მაინც ვერ ჩამოვიდოდა. თქვენ იცით, რომ ტურისტი ასე უცებ ვერ გადაწყვეტდა ჩამოფრენის საკითხს. ჯავშნები არც იყო, ყველაფერი არის შეჩერებული და გადადებულია მომავალი წლისთვის.
ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, ვინაიდან რამდენიმე ქვეყანა, რომელიც აპირებდა ჩამოსვლას და ამის იმედიც იყო, იმ ქვეყნებში ხელახლა დატრიალდა ვირუსი და ჩაიკეტა ისევ ის ქვეყნები. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანა იხსნება, მაგრამ რამდენად შემოვა ტურისტი, უკვე საეჭვოა, რადგან მსოფლიოში ძალიან მძიმე სიტუაციაა,"-განაცხადა მან.
ქეთი მელაძე იმედოვნებს, რომ 2021 წლის გაზაფხულისთვის სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება. მისი თქმით, ჯავშნების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდისთვის არის გადატანილი. მანვე აღნიშნა, რომ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იქნება და ფიქრობს, რომ სასტუმროებისა და რესტორნების უმრავლესობა დაიკეტება.
"მარტო გიდები არა, იგივე სიტუაციაშია მცირე სასტუმრო რესტორნები, რომლებიც გადარჩენაზე არიან და ვფიქრობ, რომ ის პროცენტი, რომელიც გადარჩება, გაძლიერდება დაკარგვით კი ბევრი რესტორანი და სასტუმრო დაიკარგება,"- განაცხადა ქეთი მელაძემ.