18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
შიდა ტურიზმის გახსნით გიდებს არაფერი არ შეგვტყობია, შემოდგომასა და ზამთარში ჩვენ შიმშილით მოვკვდებით - გიდების ასოციაციის წარმომადგენლი

გიდების ასოციაციის წარმომადგენელი რუსუდან ჯაფარიძე "დღის კურიერის" ეთერში ტურიზმში არსებულ პრობლემებსა და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე საუბრობს. რუსუდან ჯაფარიძე აცხადებს, რომ კოვიდ ინფექციის პრევენციის მიზნით გადადებული ფრენების გამო ტურისტებმა სხვა მწვანე ქვეყნებზე გადაინაცვლეს და ამით საქართველომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ჩამომსვლელი ვიზიტორებიც დაკარგა.

გიდების ასოციაციის წარმომადგენელი ასევე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებულთა უმეტესობას 2020 წლის შემოსავლების დადასტურება ვერ შეძლეს.

"80 000-100 000 დაახლოებით ბრმა ციფრია პირდაპირი წესით, ვინც ტურიზმს ემსახურებოდა. ირიბად ჩავთვალოთ, 2 და 3 იმდენი იმიტომ, რომ რეგიონებს, ბევრ ადამიანს, სუვენირებს, ფერმერებს, ყველას ამუშავებდა ტურიზმი. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია დღეს შემოსავლის გარეშე.

შიდა ტურიზმის გახსნით არაფერი იმ კულტურულ გიდებს და კომპანიებს, რომლებიც უცხოელებს ემსახურებოდნენ და მთელი სქემა ჰქონდათ აგებული როგორ ემუშავათ არ შეგვტყობია. შეეტყო მხოლოდ სამთო გიდების და საფეხმავლო-სათავგადასავლო ტურიზმის თემას. ფაქტობრივად სამთო ტურების გარდა გიდები ტურკომპანიები ნაკლებად ვართ დასაქმებულები.

თებერვლიდან, მარტის დასაწყისიდან საერთოდ ჩაკეტილები ვართ, იანვარიც ისეთი რთული იყო. საერთოდ შარშან ივლისის თვიდან ძალიან შემცირდა ტურების რაოდენობა, იცით ცნობილი მოვლენების გამო. ძალიან დიდი პროცენტი შარშან შემოდგომაზე უკვე უმუშევარი დარჩა, გაუქმდა ძალიან ბევრი ტური. ქალაქში იცით, გამოსვლები და არეულობა იყო, ხოლო უსაფრთხოება ნომერ პირველია ტურიზმში, რაც გარანტიად სჭირდება ტურისტს. კოვიდმა საერთოდ გააჩერა ყველაფერი, მარტო ჩვენ არა, მთელ მსოფლიოში," - განაცხადა გიდების ასოციაციის წარმომადგენელმა.

რუსუდან ჯაფარიძის თქმით, 8 თვის განმავლობაში გიდების ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 50 დოლარს აღწევდა, ხოლო აპრილის თვის შემდეგ კი ყველა ის ოჯახი, რომელიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული სრულიად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისივე განცხადებით, თუ ასე გაგრძელდა, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ისინი შიმშილობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან.

"რაღაც შანსი გვრჩებოდა, რომ საშემოდგომოდ მაინც დავიბრუნებდით ტურისტს, თუ აგვისტო-სექტემბერში იქნებოდა ეს მიზერული რაოდენობა, სექტემბერ-ოქტომბერიც ძალიან დატვირთულია, აი ღვინის თემები და ბარხატის სეზონი. შემოდგომის ტურისტები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ ახლა კიდევ გადადებულმა ფრენებმა შემოდგომის იმედებიც გადაგვიწურა იმიტომ, რომ 1 თვეში ვერ დავიბრუნებთ პარტნიორებს ჩვენ იმიტომ, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე გახსნა ტურიზმი, იცით თქვენ მწვანე ზონები სადაც იყო და გადაინაცვლეს იმ ბაზარზე, ანუ ამ სეზონზე საქართველოს აღარ გარისკავენ, ძალიან ბევრი ადამიანი აღარ გაყიდის უბრალოდ იმიტომ, რომ მაინც თანხებს აბრუნებს უკან, იგივე ავიაკომპანიები. თუ არ იქნება დაბალ ფასიანი ფრენები ჩვენთან არც შემოდგომაზე და არც ზამთარში არავინ ჩამოვა.

მინიმალური დღიური ანაზღაურებიდან რომ დავიწყოთ, სადღაც 100 ლარიდან 200 ლარამდეა დღიური ხელფასი, გააჩნია რამხელა ჯგუფია და როგორი დატვირთული ხარ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 8 თვის მანძილზე დღიურად 50 დოლარი გაქვს შემოსავალი და 6 თვე რომ თეთრი არ შეგიტანია ოჯახში, მით უმეტეს, როცა საქართველოში ყველა წევრი ვერ მუშაობს. ძირითადად მუშაობს 1 წევრი და ის არჩენს პენსიონერებსაც და ბავშვებსაც ოჯახში. რეალურად ყველა ოჯახი, ვინც ტურიზმზე იყო დამოკიდებული დარჩენილია ახლობლების იმედად, ვალებს იღებენ.

კომპენსაციის თემაზე კიდევ ცალკე პრობლემები გვქონდა იმიტომ, რომ ვერ ვადასტურებდით 2020 წლის შემოსავლებს, აღმოჩნდა, რომ ჩვენ თვითდასაქმებულები ვართ, რომლებიც ერთჯერად დახმარებას ვიმსახურებთ. დაახლოებით უკვე აიღო 30%-მა, მეტმა ვერა.

მე მესმის რასაც ამბობს ქალბატონი მინისტრი, რომ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის უპირველესი, აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ, რომ მე ტურიდან ჯანმრთელი ჩემს შვილებთან უნდა მივიდე სახლში და ეს არის აქსიომა, რომ მე არ უნდა მივიტანო სახლში ეს ვირუსული დაავადება, მაგრამ ჩვენ შიმშილით მოვკვდებით შემოდგომაზე და ზამთარში," - აცხადებს რუსუდან ჯაფარიძე.

დღის ამბები