18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
კორონავირუსთან მებრძოლ ერთ-ერთ მთავარ ფლაგმან ინფექციურ კლინიკას მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ საკუთარი შენობა ექნება

კორონავირუსთან მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანი ინფექციური კლინიკა მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ საკუთარ შენობას მიიღებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ინფექციური კლინიკის ახალი შენობის ასაშენებლად, ან შეძენისთვის 40 მილიონამდე ლარი გამოიყოფა.

მას შემდეგ რაც ინფექციური კლინიკა ძველ მისამართს დატოვებს, ყაზბეგის 16 ნომერში განთავსებული სამედიცინო დაწესებულების 8 კორპუსი უკვე ერთ სივრცეში გადაინაცვლებს. სად განთავსდება ქვეყნისთვის სტრატეგიული სამედიცინო ცენტრი - სპეციალისტები სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ. იგეგმება ახალი შენობის აშენება ან უკვე აშენებულის შესყიდვა, განიხილება დიღომში მდებარე ობიექტიც. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენობა სამ ძირითად პუნქტს აკმაყოფილებდეს.

ინფექციური დაავადების და შიდსის ცენტრი, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს შიდსის, ც ჰეპატიტის და ინფექციური დაავადებების მართვის პროცესში უმძიმეს მდგომარეობაშია. კლინიკაში დაზიანებული და მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, აქ რემონტი წლებია არ ჩატარებულა. მედიკოსებს სამედიცინო მომსახურეობის გაწევა ურთულეს პირობებში უწევთ. ისინი ვერც იმ სამედიცინო ინვენტარს იყენებენ, რომელიც წლების წინ შეიძინეს.

სწორედ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონი ლარი გამოეყო. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. გიორგი გახარიამ კლინიკაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკის პრევენციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანას გამართული ინფექციური კლინიკა ჰქონდეს.

კლინიკაში პრობლემებს წლებია იცნობს ჯანდაცვის სამინისტროც. უწყებაში აქცენტს დაავადებების ეფექტიანი მართვისთვის ახალ შენობაში ფუნქციონირების მნიშვნელობაზე აკეთებენ.

ტერიტორია, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს აუქციონზე 2009 წელს გაიყიდა. ის "ავერსი ფარმამ" შეიძინა. კომპანიამ სახელმწიფოს 12 250 000 დოლარი გადაუხადა და დადო პირობა, რომ კიდევ 2 წლის განმავლობაში ინფექციურს ძველ შენობაში დატოვებდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ ვალდებულებები შეასრულეს და 2012 წლიდან თავიანთი ქონების განკარგვის საშუალება არ ეძლეოდათ.

ინფექციურ კლინიკას და ცენტრში დასაქმებულ 350 მედიკოსს სხვის საკუთრებაში ყოფნა უკვე აღარ მოუწევთ. ყაზბეგის 16-დან კლინიკის ახალი მისამართი უკვე სპეციალისტების მიერ გაჟღერდება.

დღის ამბები