18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
გიგა ტატიაშვილს ხელკეტი თან არ ჰქონია, საერთოდ არაფერში არ სჭირდებოდა მას ხელკეტი -გიორგი ყიფშიძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი "კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აფასებს - საუბარია, ნიკა ჟვანიას ჩვენებაზე, სადაც ის აღწერს, თითქოს მობილური ტელეფონი დაპირისპირების მეორე დღეს დაკარგა, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ ეს სიცრუეა, რაც დეტალური ამონაწერით დასტურდება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძია, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს აცხადებს, რომ ჟვანიას ტელეფონის შესახებ გამოძიება მუშაობს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"გამოძიება მიმდინარეობს ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუ ვინმე ან რამე გამოიკვეთება პასუხისგებაში ყველა მიეცემა,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე კი აცხადებს, რომ საქმის დეტალებთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.

"მე გასაგებად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია უშუალოდ დეტალებზე სასამართლო პროცესზე ვისაუბრებ,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

რაც შეეხება გიგა ტატიაშვილს მისი ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, რომ გიგა ტატიაშვილს ხელკეტი არ ჰქონია. 

მისი თქმით, შესაძლოა ჟვანიას ტელეფონი საგურამოს ტერიტორიაზე იმიტომ დაფიქსირდა, რომ ვინმემ იპოვა და ეს პიროვნება სწორედ საგურამოს მიმდებარედ გადაადგილდებოდა.

"გიგას ხელკეტი თან არ ჰქონია, საერთოდ არაფერში არ სჭირდებოდა მას ხელკეტი. ჟვანიაზე მე ვერ ვისაუბრებ და ბრალმდებელი ვერ ვიქნები. როგორც ვიცი ტელეფონი მართლა არ ჰქონია, ალბათ ვინც იპოვა ის იყო საგურამოს ტერიტორიაზე,"- განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დღის ამბები