დაუსაბუთებლად გაცემული პრემიები და კრიტერიუმების გარეშე გაზრდილი სახელფასო ოდენობა. არასმთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკოს თანამშრომელთა ანაზღაურების წესი შეისწავლა და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
დოკუმენტი 4 წელს მიმოიხილავს, საიდანაც აქცენტი 2018 წელზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე კეთდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 55 პროცენტით გაიზარდა, მოადგილის - 68, ხოლო მდივნის - 70 პროცენტით.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც დანამატისა და პრემიის მოცულობა თვეების მიხედვით იცვლება, თუმცა რაზე დაყრდნობით ხდება მათი გაცემა, კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის.
"გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომ დანამატის და პრემიის მოცულობა იცვლება წლებისა და თვეების მიხედვით და ამ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რაზე დაყრდნობით ხდება ამ ოდენობების გაცემა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ხდება როგორც დანამატის გაცემა, ასევე პრემიის გაცემა, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა ასეთი განსაკუთრებული სახის საქმიანობას ახორციელებდა კომისიის წევრი თუ თანამშრომელი, რომ საჭირო გახდა ორივე თანხის გაცემა ერთდროულად.
2016-17 წლებში წლებში არის ტენდენცია, რომ ეს თანხები, დანამატი და პრემია გაიცემა თითქოს ერთმანეთის მონაცვლეობით, რაც გარკვეულ შთაბეჭდილებას აჩენს, რომ მიზანმიმართულად კეთდება, რომ რომელიმეს გაცემა მაინც მოხდეს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.