ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ მისაღებია.
8% ფიქრობს, რომ არ არის მისაღები, ხოლო მოსახლეობის 15% კითხვაზე აფიქსირებს პასუხს - "არ ვიცი".
რაც შეეხება კითხვას - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი - გამოკითხული მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ მისაღებია; 11%-სთვის მიუღებელია, ხოლო მოქალაქეების 19% ამბობს, რომ "არ იცის".
აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.