18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მინდა, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. დაზარალებული ოჯახი ითხოვს, დროულად გატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზებს დაადგენს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს. 

გარდაცვლილის გოგოს მამა იმ პოლიციელის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მურთაზ ბაჩალიაშვილის მტკიცებით, უთხრა, რომ მისი შვილი დიდი პრობლემის წინაშე იყო. 

საუბარია ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილეზე, რომელიც უკვე გამოიკითხა. მურთაზ ბაჩალიაშვილის განცხადებით კი, სამართალდამცველის პოზიცია, თითქოს ეს საუბარი არ შემდგარა, სიცრუეა.

"ჯერ მეუბნება ეს პიროვნება, ქვემო ქართლის სამმართველოსთან, შუაღამის სამ საათზე რომ ვიყავი დამელაპარაკა. მოვედი მეორე დღეს ვურეკავ და მეუბნება, ახლა მაგაზე ვმუშაობო, შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინ არისო. იმის შემდეგ ვურეკავ, აღარ მპასუხობს. ეს გამოვიდა გუშინ და თქვა რომ ესეთი რამე ტყუილიაო. ზუსტად ამიტომაც მინდა, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე. არ ვენდობი, იმიტომ, რომ ეგეთი ადამიანი უნამუსოდ რომ გამოდის და ამას იძახის, ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება წაშალეს უკვე, ვერ გაიგებ," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა მურთაზ ბაჩალიაშვილი

ტრაგედიიდან დღემდე ოჯახი უშედეგოდ ითხოვს კითხვაზე პასუხს - რამ მიიყვანა 23 წლის გოგო თვითმკვლელობამდე და რა ნაწილში შესაძლოა უკავშირდებოდეს უმძიმესი ამბავი მის საქმიანობას.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

დღის ამბები