23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. ისინი ფიქრობენ, რომ, სავარაუდოდ, ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ხდება.
ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა სოციალურ ქსელში გააქტიურებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, თვალთვალზე, ზარებზე და უკრაინელი ექსპერტისა და ოჯახის ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გააქტიურება ტროლების, ბოტების და ასეთი ზარების, თვალთვალის და, განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინელი ექსპერტის მიმართ, ვინ შეიძლება იყოს და ხელისუფლების წარმომადგენელი. მიზეზი არის ცენტრი "ემპათიას" და ბატონი მიხეილ რამიშვილის დევნა და შევიწროება. ოჯახს ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ იმის გამო, რომ აქციებით მოითხოვეს თავისი შვილის მოძებნა,"-განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ დაკარგული გოგონას მოძებნა დროულად არ დაიწყო და ზეწოლაც საკუთარი შეცდომის გადაფარვას ემსახურება.
"დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ, ალბათ, საგამოძიებო ორგანოებმა რომლებმაც განცხადების თაობაზე, რომ ბავშვი არ ჩანდა, ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ და 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ აღარც მოუძებნიათ. ელოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, 2-3 დღეში დაბრუნდებოდა. ეს არის შედეგი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს მიმართ ხდება, როგორც ქალბატონმა მარიამმა ბრძანა და როგორც ჩემზე ხდება, ეს არის ფორმა, გადაფარვა მოხდეს ყველაფერი იმისი, რაც უკვე არსებობს. აღარ შეგვიძლია ამ თვალთვალის, პატივისა და ღირსების შეურაცხყოფების ფონზე რაიმე საქმე გავაკეთოთ,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონი აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.