სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გაიხსნა. ამ ეტაპზე სკანირების პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან შეთანხმება ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერის ლუქი მისი თანდასწრების გარეშე არ უნდა მოხსნილიყო.
თუმცა, მიხეილ რამიშვილის თქმით, როდესაც ექსპერტიზაზე დაიბარეს, კომპიუტერს ლუქი უკვე მოხსნილი ჰქონდა და ის გახსნილ მდგომარეობაში დაახვედრეს.
"მე როდესაც ჩავერთე, ეს იყო 22 რიცხვი, ორდერი წარვადგინე და გამომძიებელთან მქონდა საუბარი და ვუთხარი, რომ კომპიუტერი არ გახსნილიყო, ლუქი არ მოხსნილიყო და შესაბამისად, როდესაც დაიწყებოდა მოქმედებები და ძებნა კოდის, მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით.
მათი განცხადებით, შეუძლებელი იყო, ყველაფერს ცდილობდნენ და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. განცხადება იყო შემდეგი, რომ მე ყველაფერს ვცდილობდი, რომ მომეძებნა და კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალურ ბიუროში და შესაბამისად მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, კომპიუტერზე ლუქი იყო მოხსნილი, ამოღებული იყო და უკვე გახსნილ მდგომარეობაში დამახვედრეს.
კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მათი განმარტებით, ჩვენ კოდს მივაგენითო, ანუ კოდი გვაქვსო, ოღონდ კომპიუტერში არ შევსულვართო. ამას უკვე ამყარებს ის მომენტი, რომ როდესაც იმ მაღალჩინოსანმა თქვა, რომ თქვენი გოგო შარშიაო, შემდეგში უარყო ამდაგვარი საუბარი არ ყოფილაო... მე არ მჭირდებოდა იქ გახსნილი ყოფილიყო, ჩემ თვალწინ უნდა მომხდარიყო გახსნა. ოჯახის მხრიდან უკვე ყველანაირად უნდობლობის საფუძველია, მთლიანად სისტემას უცხადებენ უნდობლობას,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.