შურისძიება არის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს პანკისში სროლის საქმეზე. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ღამის საათებში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, 2019 წელს მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა.
ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ წარსულ დანაშაულს უკავშირდება ახალი შემთხვევა, რადგან მუთოშვილის მკვლელობის საქმეში სწორედ მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს.
ასლან მუთოშვილთან სამართალდამცველებს კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი, ან სად იმყოფებოდა ის გუშინ ღამით 12 საათისთვის, მაშინ როდესაც ქავთარაშვილების სახლის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განხორციელდა.
როგორც მუთოშვილები ამბობენ, ასლან მუთოშვილთან ერთად გუშინ პოლიციის განყოფილებაში კიდევ სამი პირი გადაიყვანეს.
ამ დროის მანძილზე უშედეგო აღმოჩნდა რამდენიმე შეხვედრა გვარების შესარიგებლად. იყო მუქარაც - სისხლის აღებაზე. ამ საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. მომხდარის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რომელიც ისევ სისხლის აღებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გვარების შერიგება არ მოხდება და "სისხლის აღება იქნება".
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს.
საქმეზე იმ პერიოდში არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს, თუმცა ვისო მუთოშვილის ახლობლები საქმეში ქავთარაშვილის ჩართულობაზე აქტიურად საუბრობდნენ.
ამის შემდეგ, მუთოშვილებმა სისხლის აღებაზეც კი დაიწყეს საუბარი. პრევენციის მიზნით, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არა ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა.