19 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის 2 ახალი ტომი და განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ

გიორგი შაქარაშვილის საქმე 24 ტომამდე გაიზრდა. რა დევს ახალ 2 ტომში - უცნობია. სავარაუდოა, რომ საქმე ანი გაბეჩავას მეგობრების ახალი ჩვენებებით შეივსო. ისინი ბოლო რამდენიმე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად იკითხებიან, თუმცა, რა ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას, უცნობია - მედიასთან ამაზე არ საუბრობენ.

პარალელურად, საქმეზე დაკავებული 17-ვე პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. 11 სრულწლოვანის ადვოკატმა დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება - მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატიმრობაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა. ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე მიიღო.

2 დღე რჩება საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომამდე. ადვოკატები პროცესზე მათ გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. პარასკევს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სწორედ 109-ე მუხლი, რომლითაც ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ, გამოძიებამ ცალკე წარმოებად გამოყო. შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ ეს ოჯახის მოთხოვნა იყო და პროკურატურამ დააგვიანა კიდეც. მისივე თქმით, პროკურატურას ვადა 31 აგვისტომდე აქვს, სწორედ ამ ერთი თვეში უნდა წარუდგინონ დაკავებულების ნაწილს 109-ე მუხლით ბრალი.

პროკურატურის მხრიდან საქმის ცალკე გამოყოფას აფასებენ ბრალდებულების ადვოკატებიც. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით პროკურატურა დაკავებულთა ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომას შეუზღუდავს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა პარასკევს გაიმართება, სრულწლოვანების კი 31 აგვისტოს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ფეხბურთელი ბოლოს ცოცხალი ნახა და ვინც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები