ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა უმასპინძლა. პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ ამერიკელ სტუმრებს დასავლეთის სარდლობის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებმა სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
ახლადდანიშნულმა სარდალმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტიორობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობა.
"ამერიკის ელჩს წარვუდგინეთ პრეზენტაცია დასავლეთ სარდლობის საქმიანობის შესახებ. მოკლე ისტორია, მიმდინარე ღონისძიებები, სამომავლო გეგმები. ასევე, ჩვენი მხრიდან გავამახვილეთ ყურადღება დაგეგმილ სწავლებებზე და მონაწილე პირად შემადგენლობაზე. ასევე, განვლილ სამშვიდობო მისიებზე. ამერიკის ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში - ამერიკა ჯარისკაცებთან ერთად,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, კობა გრიგოლიამ.