19 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
COVID-19-ის მეორე ტალღა შესაძლოა ვირუსული ინფექციების სეზონის დადგომამდე დაიწყოს

COVID-19 ახალ ვირუსულ კალენდარს ქმნის. შესაძლოა, მეორე ტალღა ვირუსული ინფექციების სეზონის დადგომამდე დაიწყოს. ინფიცირების შემთხვევების მატებას სპეციალისტები ეპიდაფეთქებად აფასებენ. მეორე ტალღამდე ზღვარს კი, მხოლოდ შემაკავებელ ღონისძიებებში ხედავენ. 

აღნიშნული ეპიდსიტუაციის პირობებში მეორე ტალღის არსებობას ფაქტობრივად გამორიცხავს ინფექციონისტების ნაწილი, ვირუსის გავრცელების გაზრდილ სტატისტიკას კი, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფით ხსნის. სპეციალისტები ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებში ახალგაზრდების ფაქტორსაც ხედავენ.

ახალგაზრდა პოპულაციის როლს ეპიდემიოლოგიური სურათის შექმნაში ლოგიკურად, თუმცა დოკუმენტალურად დაუდასტურებლად მიიჩნევს ინფექციონისტების ერთი ჯგუფი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დაავადების მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობის გამო ინფიცირებულთა შორის ახალგაზრდების ხვედრითი წილი განსაზღვრულიც არ არის. ამდენად, ვარაუდი მხოლოდ თეორიულ მოსაზრებაზეა დამყარებული და ის კვლევის შედეგებს არ ეფუძნება.

ვირუსის გავრცელების მასშტაბის წინასწარი განსაზღვრისგან თავს იკავებს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი და სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებაში საზოგადოების როლს გამოჰყოფს. ამ ეტაპზე კი, ქვეყნის პირველი ექიმი აქცენტს მეორე ტალღისთვის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნისკენ მიმართულ ღონისძიებებზე აკეთებს.

დღეს კორონავირუსის გავრცელების 8 ახალი ფაქტი დადასტურდა. გადაიზრდება თუ არა ინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა მეორე ტალღაში, მხოლოდ ეპიდზედამხედველობის გაძლიერებასა და რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები