26 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
რა ინფორმაცია შესაძლოა ჰქონდეს საკალმახე "ადმირალის" ადმინისტრაციას ბაჩალიაშვილის საქმეზე - ობიექტის წარმომადგენლები მორიგ განმარტებას აკეთებენ​

რა ინფორმაცია შესაძლოა ჰქონდეს საკალმახე "ადმირალის" ადმინისტრაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - ობიექტის წარმომადგენლები "კურიერთან" კიდევ ერთ განმარტებას აკეთებენ. მათი პოზიცია ისევ უცვლელია და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც გარე სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოსულია და შესაბამისად ფირზე არაფერია აღბეჭდილი.

მათივე მტკიცებით, გუშინ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რაც შეეხება მთავარ კითხვას, რატომ აკეთებს აქცენტს დაზარალებული მხარე, სწორედ საკალმახეს ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერებზე - "ადმირალის" ადმინისტრაციას თავისივე ახსნა-განმარტება აქვს.

ეს საკალმახე "ადმირალია", სოფელ ტბისში. ოჯახის ადვოკატი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლის მოსპობა სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიგეგმა და ეს ყველაფერი ობიექტზე არსებულმა ვიდეო კამერებმაც აღბეჭდა. სწორედ ამიტომ, მიხეილ რამიშვილი ჩანაწერების ამოღებასა და შესწავლას ითხოვდა.

თუ ობიექტის კამერები უკვე 4 წელია მწყობრიდან გამოსულია, რატომ მოითხოვა რამიშვილმა ვიდეო-ჩანაწერების ამოღება? - ირკვევა, რომ ადვოკატი რამდენიმე დღით ადრე საკალმახე "ადმირალში" იმყოფებოდა, გაეცნო როგორც იურისტი და თანამშრომლები ობიექტზე დამონტაჟებული კამერების შესახებ გამოკითხა, თუმცა არ უთხრა, რაში სჭირდებოდა ეს ინფორმაცია. "ადმირალში" დასაქმებულები "კურიერს" უყვებიან, რომ უსაფრთხოების მიზნით მათ ბაჩალიაშვილის ადვოკატს, რომელიც ვერ იცნეს, უთხრეს, რომ კამერები მუშაობს და მიმდებარე ტერიტორიას აფიქსირებს.

ოჯახს არ სჯერა, რომ საკალმახე "ადმირალის" ობიექტზე დამონტაჟებული კამერები არ მუშაობს. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ გამოძიებამ ჩანაწერები მიზანმიმართულად წაშალა. ოჯახი კვლავ პრემიერ-მინისტრთან,ასევე ამერიკის ელჩთან შეხვედრას და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას" ავტორი და წამყვანიც დაიბარეს. საქმე ეხება სიუჟეტს, რომელიც ეთერში 1 აგვისტოს გავიდა. ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტს 3 მაღალჩინოსანზე მაკომპრომეტირებელი მასალა ჰქონდა და სწორედ ამან იმსხვერპლა.

ვინ არიან მაღალჩინოსნები და რა ინფორმაციას ფლობდა ბაჩალიაშვილი უცნობია. ქაშიაშვილმა გამოძიებას არც მათი ვინაობა დაუსახელა და არც წყარო გაამჟღავნა. უპასუხოდ დატოვა შეკითხვა პრესასთანაც.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დეტალები დღეს ოჯახმა პატრიარქის თანამოსაყდრესაც გააცნო. საპატრიარქოში გამართული თითქმის 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ ოჯახს პატრიარქმა ნება დართო, გარდაცვლილს წესი აუგონ.

რა ვითარებაში გარდაიცვალა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი კვლავ უცნობია, ოჯახს კითხვები გამოძიების მიმართ ჯერ კიდევ აქვს. ზუსტად 2 დღეში ისინი საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთ, საბოლოო შეხვედრას გამართავენ. ამ შეხვედრაზე ბაჩალიაშვილის მშობლები გამოძიებას დრონის ვიდეო-კადრებსა და საქმის დეტალების გაცნობას მოსთხოვენ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები