თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებას ვადას დღის ბოლომდე აძლევს, ოჯახი საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.
ეს მოთხოვნა ოჯახმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
შეხვედრამდე გაიმართა აქცია და შეკრებილებმა დააანონსეს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ FBI არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პერსონალურ კომპიუტერში, რომელიც ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა, მიმოწერები არ იყო.
"მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ კომპიუტერზე დაყენებული თურმე. ფეისბუქი და ინსტაგრამი ლეპტოპში არ არის. არის ფოტოები და ვიდეოები, რაც საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. ბოლოს არის შესული რაღაც საიტზე 18-ში, 11:02-ზე. თუ იქ საინტერესო არაფერი იყო ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა კლონირებას და ამ პროცედურებს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მდგომარეობა აუხსნეს.
"ძალიან წუხდნენ, რომ ასეთი რამე დაგვემართა ჩვენ. იმედი მოგვცეს, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას. მოწმეებს აქრობენ, ის მწყემსი, ის ბაჭულაშვილი სად გაქრნენ და რომელ პადვლებში არიან ღმერთმა იცის. მისვლით აუცილებლად მივალ უწყებაში,"- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.