19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი იყო ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა, ეს იცის ყველამ - რომან გოცირიძე

დღეიდან პარლამენტმა მუშაობა საშემოდგომო სესიით განაახლა. არჩევნებამდე დეპუტატები მოკლე პერიოდის განმავლობაში იმუშავებენ, რის შემდეგაც მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას დაასრულებს.

სესიაზე კანონმდებლები ძველ და ახალ კანონპროექტებზე იმსჯელებენ.

მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს ოპოზიცია. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები თვალის ასახვევი ფანდია.

"ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში წარმოადგინეს, თვალის ასახვევი ფანდია. ამ საკენკს უკვე არავინ კენკავს. "ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი იყო ძალადობა, დაშინება და მოსყიდვა, ეს იცის ყველამ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ამ ინიციატივის.

"საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შემოგაქვთ ახლა, ბოლო კვირას, როდესაც ამ ინიციატივაზე საუბრის დროს კატეგორიულად წინააღმდეგები იყავით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის სპეკულაციები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

"ჩვენ არსებული კანონმდებლობითაც უზრუნველვყოფდით იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე ყოფილიყო სამაგალითო, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. მაგრამ, აქაც გვინდა, რომ მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ ოპოზიციური სპექტრიდან სპეკულაციები, ეს ცვლილებები მოიწონეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები