03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
გიორგი გუდაძის დაკავების ამსახველი კადრები - "კურიერის" ექსკლუზივი

ვიდეომასალაში რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, გიორგი გუდაძის დაკავებაა გადაღებული. ვიდეო აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი სპორტული მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

ჩანაწერში კარგად ჩანს თუ როგორ ადის გიორგი გუდაძე ბორდიურზე ავტომობილით, მანქანიდან გადმოდის და მაღაზიის ვიტრინას ათვალიერებს. რამდენიმე წუთში კი მას აკავებენ.

გიორგი გუდაძის ადვოკატების ინფორმაციით, მისი დაკავება პროცესუალური დარღვვებით მოხდა. გუდაძის უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ, გუდაძე ჯერ კამერებს მოაშორეს, შემდეგ კი გაჩხრიკეს.

ისინი ვარაუდობენ, რომ გუდაძეს ნარკოტიკი სწორედ ამ დროს ჩაუდეს.

რაც შეეხება იარაღს, რომლის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც სამართალდამცველები გუდაძეს ედავებიან ადვოკატების ინფორმაციით ოჯახის რელიკვიაა და დამბაჩა მეჩვიდმეტე საუკუნისაა. არსებული ინფორმაციით ოჯახს აღნიშნული იარაღი ჭაბუა ამირეჯიბმა აჩუქა.

ადვოკატებმა ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და გუდაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

ბექა: მჭედლიშვილი 

 

 

დღის ამბები