თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვიდეომტკიცებულებები აქვს. პროკურორი ადასტურებს, რომ როგორც გარდაცვლილის პირადი მობილური ტელეფონიდან, ისე მისი იუთუბის გვერდიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანია.
პროკურატურაში ვიდეომტკიცებულების შინაარსი არ დააზუსტეს. ჩანაწერებს კარგად იცნობს ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახი და დეტალებზე ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრა დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებს ბაჩალიაშვილი ისე იყენებდა, როგორც დღიურს და ჩანაწერებს მაშინ აწარმოებდა, როდესაც ცუდად იყო.
ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, სად განხორციელდა ამ ვიდეოს ჩაწერა.
"ჩვენს ბავშვობაში ვაწარმოებდით დღიურს, ვწერდით შეყვარებულს თუ დავშორდებოდით, რომ სიცოცხლე არ გვინდოდა, გადმოვხტები მეხუთე სართულიდან და ა.შ. თამარიც წერს დღიურში, ტირის და ამბობს, რომ მე არ მინდა არაფერიო და მშვიდობითო.
ჯერ დაუდგენელია, სად არის ეს ვიდეო გადაღებული. ჩემთვის ბევრი რამეა დაუდგენელი და იმათთვის დადგენილია ყველაფერი,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელი, სადაც გარდაცვლილი გოგონა შევიდა, აცხადებენ, რომ თამარი იქ იყო შესული, თუმცა არაფერი უყიდია. მათი თქმით, პოლიციამ აფთიაქიდან ვიდეოჩანაწერი უკვე წაიღო.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.