თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია "ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე მსჯელობს. როგორც სხდომის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, სარჩელით სასამართლოს მოქალაქე სერგო ჯავახიძემ მიმართა. მისივე თქმით, სარჩელი აბსურდული და პროვოკაციულია.
"ეს არის რაღაც უნიჭო პროვოკაცია, "ქართული ოცნების" და სუსის პროვოკატორის მიერ აგორებული, რომ "ევროპული საქართველო" მოიხსნას არჩევნებიდან. სამართლებრივად არის უშინაარსო დისკუსია. რაც შემოიტანეს, რომ თითქოს რაღაც აქვს დარღვეული "ევროპულ საქართველოს", ვადა აქვს გამოტოვებული, რაც არ არის სწორი, ანუ სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია. სარჩელი არის იმაზე, რომ მოიხსნას "ევროპული საქართველო" არჩევნებიდან. თუ ვინმე ამას გაბედავს, მიიღებს ძალიან მძიმე რეაქციას საზოგადოების მხრიდან,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების "ევროატლანტიკური ვექტორის" თავმჯდომარემ სერგო ჯავახიძემ განაცხადა, რომ პარტია "ევროპულმა საქართველომ" რეგისტრაციის ვადები დაარღვია, რის გამოც ცესკოს 2020 წლის 1 სექტემბრის განკარგულება ბათილად უნდა იყოს ცნობილი.
"ქართული ოცნება" მხარდაჭერას უცხადებს და ასეთ ეჭვებში ატარებს საარჩევნო პროცესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, ეს პარტია "ქართული ოცნების" სატელიტია თუ დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას. სარჩელი ითვალისწინებს იმას, რომ მათ უნდა ჰყოლოდათ პარლამენტის წევრები საკუთარი სიით წარდგენილი. არცერთი "ევროპული საქართველოს" პარლამენტარი არ არის "ევროპული საქართველოს წევრი,"- განაცხადა სერგო ჯავახიძემ.