19 მაისი 2024,   10:49
ვრცლად
ბრალდებულების ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი - ბრალდებულების ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის ახალ დასკვნას ბრალდებულების ადვოკატები ეხმაურებიან. მათი თქმით, ექპერტიზის ეს დასკვნა ადასტურებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულების ტანსაცმელზე შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა.  

"ბრალდების მხარემ უარი თქვა აღნიშული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენაზე, ვინაიდან, აღნიშნული მტკიცებულებებით პირიქით გამოირიცხებოდა ბრალდების მხარის ვერსია შემხებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ტანსაცმელთან მიმართებაში, ანუ ბრალდებულების ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა შაქარაშვილის გენეტიკური პროფილი. ასევე, შაქარაშვილის მარჯვენა და მარცხენა ფრჩხილის ფრაგმენტებიდან ამოღებული მასალა არ არის შესაბამისობაში და მათ შორის ბრალდებულების ტანსაცმლის ქსოვილთან,“ - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება ასევე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური

"გარდაცვლილის სხეულზე, ტანსაცმელზე, ჩანთაზე არანაირი დნმ პროფილი არ აღმოჩნდა იმ ბრალდებულების, ვისაც ბრალად აქვთ შერაცხული 109-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა და აღნიშული ადასტურებს იმას, რომ ტანსაცმელზე, ფრჩხილზე და ა.შ. იქ არსებული კვალი არ ემთხვევა ბრალდებულების დნმ-ის პროფილს," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით კი, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. 

"ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ამ ხალხს შემხებლობა გიორგი შაქარაშვილთან არ ჰქონია. არჩილ გაგნიძემ მისი ტანსაცმელი ჩააბარა მეორე დღესვე, როდესაც ის პირველად გამოკითხეს. გაურეცხავ მდგომარეობაში," - ამბობს ადვოკატი.  

რაც შეეხება თავად დასკვნას, ცნობილი ხდება, რომ გიორგი შაქარაშვილის ტანსაცმელი, იმის გამო, რომ ის 4 დღის განმავლობაში წყალში იმყოფებოდა, კვლევისთვის უვარგისი აღმოჩნდა და ვერც ერთი ბრალდებულის გენეტიკური ნიმუში მასზე ვერ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ხელის მტევნებსა და ფრჩხილებს, მასში არ არის ბრალდებულების დნმ-ის ნიმუშები აღმოჩენილი. გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდა რკინის ხელკეტს, როლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ მასზე არც ერთი ბრალდებულის ანაბეჭდი არ ფიქსირდება. 

დღის ამბები