COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი საქართველოში - ორი გარდაცვლილი და 218 ახალი ინფიცირებული. ვირუსის გავრცელების სტატისტიკა გასული დღე-ღამის განმავლობაში ისევ მკვეთრად გაიზარდა.
ახალი ფაქტებიდან უმეტესობა, 137 ისევ აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47 ახალი პაციენტია.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, პაციენტი, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა, კლინიკაში გადმოყვანის დროსაც რთულ მდგომარეობაში იყო.
"მისი მდგომარეობა უკვე გადმოყვანის დროს ძალიან მძიმე იყო, ასევე მას ჰქონდა თანხმლები დაავადებები და სწორედ ამის გამო დადგა ეს შედეგი. საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 832 ტესტი ავიღეთ, საიდანაც 26 COVID დადებითი შედეგი დაგვიფიქსირდა. ეს შემთხვევები უკვე ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, ესენია: სავაჭრო ცენტრში ქუთაისში, მაღაზია და საირმის რამდენიმე დამსვენებელი,"- აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით კი, მეორე გარდაცვლილს სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა და მისი გარდაცავალების მიზეზიც არა კორონავირუსი, არამედ ინსულტი იყო.
"პაციენტს ჰემორაგიული ინსულტი აღენიშნებოდა, ეს არის თავის ტვინში სისხლჩაქცევა. გარდა ამისა მას ორმხრივი პნევმონია, დიაბეტი და არითმია ჰქონდა. შესაბამისად, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს თანმხლები დაავადებები გახლავთ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა, ეს ინსულტის გამო მოხდა,"- აღნიშნავს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 40 კი გამოჯანმრთელდა.