დღეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ალეკო ელისაშვილმა დღეს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატად 32 წლის უროლოგი ოთარ ქერქაძე წარადგინა.
ოთარ ქერქაძე ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. 2015 -2016 წელს ბუდაპეშტში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტში “პიროვნების განვითარების კურსები“. 2019 წლის იანვრიდან, დღემდე ეწევა დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას გურიაში და დღეიდან იგი გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.
"მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს პრობლემები, რაც დღეს ხალხს აქვს მივიტანოთ გულთან და თითოეული მათგანის პრობლემა გახდეს ჩვენი საკუთარი და ჩვენ დავეხმაროთ ყველას ამ პრობლემების მოგვარებაში," – განაცხადა ოთარ ქერქაძემ.
ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ გურულები მათ კანდიდატს აირჩევენ.
"გურიას სჭირდება მაჟორიტარად ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების და მოქალაქეების პრობლემებით ცხოვრობს, ესმის შესაბამისად ეს პრობლემები და მზად იქნება, რომ მოაგვაროს პარლამენტში და მაღალი ტრიბუნა დასჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხის და განსაკუთრებით ძალიან გაღარიბებული ჩვენდა სამწუხაროდ გურიის მოსახლეობის პრობლემები მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, გურულები აირჩევენ სწორედ ჩვენს კანდიდატს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.