"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მთელი მარნეული ელოდება გუშინ რეგიონში მომხდარი ფაქტის შესახებ პასუხს, პროკურატურისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. მისივე თქმით, თუ უწყებები შესაბამის პასუხს არ გასცემენ მომხდარს, მაშინ ისინი არ გაჩერდებიან და კანონიერად იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად.
"ყველა მარნეულელი ელოდება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს. გუშინდელი ძალადობა იყო არა მარტო ოპონენტებზე, არამედ ჟურნალისტებზეც. ეს ფაქტი ყველასთვის შეურაცხმყოფელი იყო. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს და "ქართული ოცნების" აქტივისტზე თავდასხმას, შემიძლია ვთქვა, რომ ამასთან ჩვენა არანაირი კავშირი არ გვაქვს. "ქართული ოცნება" რაღაც თამაშს თამაშობს. გუშინ, ჩვენ კანონიერად ვატარებდით აქციას ცესკოსთან, რა დროსაც გადმოვიდა "ქართული ოცნების" შტაბის წევრი დაიწყო გინება და ჩხუბი. ამ დროს მოვიდა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე და დაიწყო ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, ფიზიკურ ზეწოლაზე გადავიდა.
ჩვენს მიერ ჩატარებული მშვიდობიანი აქციის დროს, თავიდანვე იყო ადგილზე მობილიზებული პოლიცია და შემდეგ განვითარებული ფაქტებიც მათ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოქმედება კანონიერად.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან არავისზე არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" მშვიდობიანი და დემოკრატიული ჩატარების სურვილი არ აქვს. ისინი იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაიტანონ ეს პროცესები ქუჩაში.
ჩვენ ველოდებით პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს. ახლა კი, შეხვედრებს ვატარებთ დიპლომატიური კორპუსის წევრებთან. თუ არ იქნება შესაბამისი პასუხი, მაშინ ჩვენი მხრიდანაც იქნება პასუხი. არ ვგულისხმობ ჩხუბს, ჩვენ კანონიერად მოვითხოვთ უფლებების დაცვას,"- განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.
მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში და ძალადობის წახალისებაში ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამის საპასუხოდ კი, მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ოპონენეტები წინასაარჩევნოდ მიზანმიმართული პროვოკაციებით დაკავდნენ.