საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოვიდეპიდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცესკოსთან მუშაობა მიმდინარეობს:
"თვითიზოლაციაში დღეს ქვეყანაში არ არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, თუმცა გარკვეული რაოდენობა არის და ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფი ადამიანებს, აქ არაფერი არ იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩვენების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაც იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს. თვითიზოლაციის ნაწილში ეს ის საკითხია, რომელზეც ვმუშაობთ ცესკო-სთან ერთად და აქ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება. საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკო-თან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.