27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
5 კვირიანი ომი დასრულებულია - არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა 

რეგიონში 5 კვირიანი ომი დასრულებულია. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშიანიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან შეთანხმებისას მიიღო. პაშინიანის გადაწყვეტილებას ერევანში პროტესტი და არეულობა მოჰყვა, ასობით ადამიანი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა, მათი ნაწილი კი მთავრობის სახლში შეიჭრა და სომხეთის პარლამენტის სპიკერს ფიზიკურად გაუსწორდა. 

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა. სომეხი ხალხი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქუჩაში გავიდა, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტის თავმჯდომარესა და მისი დაცვის წევრებს. ასევე, შეიჭრნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტში.

შეთანხმების გაფორმებას არეულობა მოჰყვა მთიან ყარაბაღშიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ მათ ომის შეწყვეტა და ტერიტორიების დათმობა არ სურდათ. ერთადერთი ვინც შეთანხმებით კმაყოფილი დარჩა აზერბაიჯანია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე თითქმის 5 კვირიანი საბრძოლო მოქმედებები კი შეთანხმებით გუშინ ღამით დასრულდა. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შედეგად რეგიონში რუსი და თურქი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან. რუსეთმა მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ საკუთარი მშვიდობისმყოფელები უკვე განათავსა.

"რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი.

სწორედ ხალხის ინტერესებსა და არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზანზე ისაუბრა თავად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა.

"მთელი დღის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საომარ მოქმედებებს განვიხილავდი. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით ომის შეწყვეტაზე თანხმობა განვაცხადე. ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ გარდაცვლილების ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე," - აცხადებს არაღიარებული მთანი ყარაბაღის პრეზიდენტ არაიკ არუთინიანი.

"ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია" - ასე შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება, რომელიც სომხეთთან გააფორმა. ილჰამ ალიევმა ისიც თქვა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს. 

"როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ, აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც კი არ წერია. რა მოხდა პაშინიან? რამ მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმება რომ მისთვის რთული იყო, ამაზე ნიკოლ პაშინიანმაც ისაუბრა. თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის ერის წინაშე მართალია.  

"პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია საომარი სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე. მუხლს ვიდრეკ ყველა ჩვენი გარდაცვლილის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა სამხედროს, ოფიცრის, გენერლების, მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ თავისი თავგანწირვით გადაარჩინეს არცახელი სომხები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს," - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

შეთანხმება, რომელსაც ხელს სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები აწერენ, 9 პუნქტიანია. მასში წერია, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლი სრულად შეწყდება და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში, ასევე აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაუბრუნდება. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას კელბაჯარსკის რაიონს დაუბრუნებს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. ყველა პროცესს კი რუსი და თურქი სამშვიდობოები გააკონტროლებენ.

დღის ამბები