19 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ, აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ და მე არ მსურს, რომ ეს ხდებოდეს მის და სააგენტოს თანამშრომელების წინააღმდეგ. ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს," – წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერზე".

დონალდ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ბაიდენის გუნდი გადაბარების პროცესის დაწყებას მიესალმა -  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღის ამბები